მოსკოვი იმედოვნებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან გრიგორი კარასინის წასვლის შემდეგ შენარჩუნებული იქნება რუსეთთან ურთიერთობების ის ფორმატი, რომელშიც საქართველოს მხრიდან პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე მონაწილეობდა, - ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ.
„ახლა ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტის პროცესშია. იმედი მაქვს, რომ დიალოგის ეს არხი ამ თუ იმ ფორმით დარჩება“, - უთხრა რუდენკომ „რია ნოვოსტის“.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის ომის შემდეგაა გაწყვეტილი. ქვეყნებს შორის დიალოგი მიმდინარეობდა მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატში. სექტემბერში გრიგორი კარასინი პენსიაზე გავიდა და ფედერაციის საბჭოში გადაინაცვლა, მის ადგილზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე კი ევგენი ივანოვი დაინიშნა.