„მე მოვაწერე ხელი გაუთქმელობის ხელწერილს და არ მაქვს უფლება, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოგახსენოთ რასთან დაკავშირებით იყო შეკითხები“, - უპასუხა ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტი მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ, მას შემდეგ, რაც გენერალური პროკურატურიდან გამოვიდა. იგი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულათა შეწყალების ფაქტთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში.
დიმიტრი გაბუნიამ არ ისაუბრა, თუ რა ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, მხოლოდ ის თქვა, რომ ენდობა გამოძიებას.
„მე ვენდობი სრულად დღევანდელი გამოკითხვის მერეც [გამოძიებას], გულწრფელად გეტყვით, მე დამრჩა ეს განცდა, რომ გამოძიება არის დაინტერესებული, გამოავლინოს შესაძლო მხილებული პირები და 200%-ით ვენდობი საქართველოს გენერალურ პროკურატურას და გამოძიებას“, - ამბობს დიმიტრი გაბუნია.
ის მადლობას უხდის გამოძიებას, რომ მისი მოთხოვნის საფუძველზე გამოკითხეს და იმედოვნებს, რომ თუ შესაძლო დანაშაულში მხილებული პირები გამოიკვეთებიან, ისინი დაისჯებიან უმკაცრესად. მისი თქმით, აუცილებლად შეიტანს სარჩელს და მოითხოვს „ყველა იმ ცრუპენტელას დასჯას“, ვინც საჯაროდ ხელი დაადო და გარია კორუფციაში.
„აქვე ვაცხადებ, როგორც კი დასრულდება გამოძიება, კანონის სრული სიმკაცრით, ყველა ის პირი, ვინც მე, დიმიტრი გაბუნია, ჩემი სახელი და გვარი, გარია ამ ბინძურ ცილისწამებაში, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. პირადად მე შევიტან განცხადებას პროკურატურაში და პირადად მე შევიტან სარჩელს სასამართლოში, ეს თემა ასე არ დასრულდება, ეს თემა ჩემთვის არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი“, - ამბობს დიმიტრი გაბუნია.
ის, როგორც იურისტი, აცხადებს, რომ თუ გამოძიება ჩათვლის საჭიროდ, აუცილებელად დაიკითხება პრეზიდენტი.
23 წლის იოსებ ქოიავას მამა, თამაზ ქოიავა ამბობს, რომ სწორედ დიმიტრი გაბუნია მფარველობდა მისი შვილის მკვლელს, ძებნილ ზურაბ ნადირაძეს, რომელსაც დაუსწრებლად შეეფარდა 15-წლიანი პატიმრობა. თამაზ ქოიავას თქმით, დიმიტრი გაბუნია ამისათვის რამდენჯერმე პრაღაშიც იყო ჩასული.
დიმიტრი გაბუნია ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონია ზურაბ ნადირაძესთან.
19 სექტემბერს პარლამენტის დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ ირმა ნადირაშვილმა გენერალურ პროკურატურაში შეიტანა განცხადება პატიმართა შეწყალებასთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შესაძლო კორუფციული კავშირის გამოსაძიებლად.
სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.
განსაკუთრებული უკმაყოფილება მოჰყვა ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის შეწყალებას.
შედეგად, სალომე ზურაბიშვილი შეწყალების საკითხის დარეგულირების მიზნით, ახალი ინიციატივით გამოვიდა.
16 სექტემბერს კი ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეწყალებულთა შორის არის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.
17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა მკვლელობაში მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე.
20 სექტემბერს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.