აღმოსავლეთ უკრაინის თვითგამოცხადებული „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ სეპარატისტებმა ცენტრალურ ხელისუფლებას 54 პატიმარი გადასცეს. ამის შესახებ განაცხადა ადამიანის უფლებების საკითხებში უკრაინის უმაღლესი რადის წარმომადგენელმა, ლუდმილა დენისოვამ. მისი თქმით, გადაცემულთაგან ყველაზე უმცროსი 26 წლისაა, ყველაზე უფროსი - 61-ის.
ერთ-ერთ პატიმარს „ყველა საჭირო პროცედურის გავლის შემდეგ“ უკვე დღესვე გაათავისუფლებენ - „პატიმრობის ვადის ამოწურვის გამო“, აღნიშნა დენისოვამ. გარდა ამისა, როგორც უკრაინის ომბუდსმენმა თქვა, „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ“ კიევს გადასცა 10 სისხლის სამართლის საქმე, რომელთა მიხედვითაც სეპარატისტულ ტერიტორიებზე გასამართლებულებმა სასამართლოს შეუძლიათ მიმართონ საკასაციო ან სააპელაციო წესით.
მთლიანობაში 2018 წლიდან დღემდე „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ“ უკრაინის ხელისუფლებას გადასცა 373 პატიმარი, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ“ კი 13 ადამიანი.
7 სექტემბერს პატიმრების მსხვილი გაცვლა განხორციელდა უკრაინასა და რუსეთს შორის. მხარეებმა ერთმანეთს გადასცეს 35-35 ადამიანი. იმათ შორის, ვინც კიევმა მიიღო, არიან რეჟისორი ოლეგ სენცოვი, ასევე ანექსირებული ყირიმის ნაპირებთან დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები.
საპასუხოდ მოსკოვისთვის გადაცემულთა შორის არიან რია „ნოვოსტი-უკრაინის“ მთავარი რედაქტორი კირილ ვიშინსკი და აღმოსავლეთ უკრაინის სამხედრო ფორმირების წევრი ვლადიმირ ცემახი, რომელსაც მოწმის სტატუსი აქვს 2014 წელს ჩამოგდებული მალაიიზიის „ბოინგის“ საქმეში.