პოზიციების სხვადასხვაობის მიუხედავად, შეხვედრამ კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩაიარა, - ამბობს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული ტექნიკური შეხვედრის შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, ირაკლი ანთაძე.
ანთაძის საუბრიდან გამომდინარე, ტექნიკურ შეხვედრაზე რამდენიმე აქცენტი დაისვა.
· ხაზგასმით აღინიშნა, რომ საჭიროა გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები ადგილზე ვითარების დეესკალაციისთვის.
· მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა შედგება, რომელზეც გაგრძელდება მსჯელობა ჩორჩანის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ.
· ქართული მხარის განცხადებით, ჩორჩანაში მოწყობილი პოლიციის სტანდარტული საგუშაგო შესაბამის ეკიპირებით და პერსონალით, არ შეიძლება მშვიდობიანი მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდეს.
· საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მათ შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სოფელ წნელისში სამხედრო ტექნიკის აბსოლუტურად არაპროპორციული გადაადგილებებია. შესაბამისად, ნებისმიერი სახის არაპროპორციული გადაადგილება ძაბავს წნელისის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას.
· ქართულ მხარეს არ დაუდასტურეს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 3 სექტემბერს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება დაბა ახალგორთან მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვას აპირებს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრის სავარაუდო თარიღად 2 ოქტომბერი რჩება. როგორც ირაკლი ანთაძე ამბობს, არ ყოფილა არანაირი სიგნალი, რომ რომელიმე მონაწილე არ აპირებს ამ შეხვედრაზე დასწრებას.