მე ვთვლი, რომ შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები განცხადებებს საზღვარგარეთ არ აკეთებენ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადადგომასთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით პოლონეთში იმყოფება.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, პრემიერის საქმიანობა პოლიტიკურმა ელიტამ უნდა შეაფასოს.
„გადადგომას არ აფასებენ. ეს არის მისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ახალი პრემიერის დანიშვნას, მე მგონი, უნდა დაველოდოთ. მე პირადად დაველოდები და თბილისში ჩავალ. საერთოდ, მე ვთვლი, რომ შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები განცხადებებს საზღვარგარეთ არ აკეთებენ. არაკორექტული იქნება აქედან რომ შევაფასო პრემიერის ქმედებები და მისი მოღვაწეობა, რომელიც უნდა შეაფასოს ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ და პოლიტიკურმა პარტიებმა. ხვალ იქნება დრო იმისათვის, რომ გაკეთდეს კომენტარები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
2 სექტემბერს, მამუკა ბახტაძემ ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.