გვჯერა, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მომენტს ვქმით, როცა მომავალში საქართველოს ტერიტორიების აღდგენა იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ შვედ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც თალაკვაძემ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, საქართველო არ შეეგუება ოკუპაციას და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.
„საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული და რუსეთის ფედერაციის სამხედროები უკანონოდ დგანან ჩვენს ტერიტორიებზე. ოკუპირებულ რეგიონებში არის შემაშფოთებელი ვითარება ადამიანის უფლებების დარღვევების მხრივ, დანაშაულებრივი ფაქტების მხრივ, ადგილი აქვს ჩვენი მოქალაქეების გატაცებას. ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სათანადო რეაგირება და ყურადღება იყოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ამ ვითარებასთან დაკავშირებით”,- განაცხადა თალაკვაძემ.
მეორე მხრივ, მისივე თქმით, ჩვენი გრძელვადიანი ამოცანაა, რომ მშვიდობიანი გზით გადავწყვიტოთ ეს პრობლემები და ოკუპაციის საკითხი.
“გვჯერა, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მომენტს ვქმით, როცა მომავალში საქართველოს ტერიტორიების აღდგენა იქნება შესაძლებელი. ამას განვიხილავთ კონტექსტში, როცა საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას, საქართველო აკეთებს საერთაშორისო მხარდაჭერის კიდევ უფრო მეტ კონსოლიდაციას. ეს ხდება პარტნიორებთან აქტიური მუშაობის გზით. საქართველო ყველა საერთაშორისო დღის წესრიგში აყენებს და განიხილავს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და ავითარებს თავის ეკონომიკას, ინფრასტრუქტურას და შესაძლებლობებს, რომ მომავალში ჩვენ შევქმნათ მომენტი, როცა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობია გზით იქნება შესაძლებელი. ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას და ადამიანის უფლებების დარღვევის არც ერთ ფაქტს. მეორე მხრივ, ჩვენი პასუხისმგებლობა გათვიცნობიერებული გვაქვს საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების წინაშე, რომ საქართველოს სჭირდება უსაფრთხოება, სტაბილური განვითარების გარანტიები, იმისთვის, რათა ჩვენს მიერ დასახულ მიზანს მივაღწიოთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, შვედ კოლეგასთან განიხილა და მომავალშიც ექნება შვედეთის და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების, ასევე, სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის იმედი.
„მჯერა, რომ ამ გზით შევძლებთ ოკუპაციას გავუმკლავდეთ. რა თქმა უნდა, რთულია თითოეული შემთხვევა, იმ ადამიანების ბედი, რომელთაც სამწუხაროდ, ყოველდღიურ რეჟიმში ეხება ოკუპაციის პრობლემა, ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებასთან მუშაობს, ცხელი ხაზის მექანიზმს იყენებს და ასევე, ყველა შესაძლებელ ღონისძიებას ატარებს იმისათვის, რომ ოკუპაცია, მისი შედეგები და მისი ყოველდღიური გამოვლინება რაც შეიძლება მეტად იყოს შეკავებული და შეჩერებული”,- განაცხადა თალაკვაძემ.