სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ერგნეთში ჩაშლილი შეხვედრის შესახებ საუბრობს.
„დღეს ერგნეთში შედგა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, საბოლოოდ, ცხინვალის დე ფაქტო წამომადგენლების გასვლის გამო ვერ დასრულდა. ქართული მხარისათვის ეს შეხვედრები, ზოგადად, მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ამჯერადაც ისეთი საკითხების განსახილველად, რომლებიც უკავშირდება უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მაღალი მნიშვნელობის თემებს“, – ციხელაშვილის განცხადებას „პირველი არხი“ ავრცელებს.
ციხელაშვილს მიაჩნია, რომ ერგნეთის შეხვედრები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
„იგივე გუგუტიანთკარში უკანონო ბარიკადების მშენებლობას, ადგილობრივების დაკავებას, გადაადგილების თავისუფლების დამატებით შეზღუდვებს და ყველა ეს საკითხი, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში გახლდათ. ამიტომ, ნამდვილად არ შეიძლება, კითხვის ნიშნები ისმებოდეს ამ ფორმატის მნიშვნელობასთან დაკავშირებით და მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა ან მუქარა ფორმატის ჩაშლისა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
29 აგვისტოს სოფელ ერგნეთში უშედეგოდ დასრულდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 95-ე შეხვედრა, რომელზეც 29 აგვისტოს ათამდე საკვანძო საკითხი უნდა განეხილათ.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა მედიასთან საუბარში, ოსურმა დელეგაციამ შეხვედრა დატოვა.