„ჩვენი საქართველოში ვიზიტი იმის დემონსტრირებაა, რომ შვედეთი მხარს უჭერს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს. ჩვენ ვხედავთ, რომ პრობლემებით აღსავსე რეგიონში საქართველოს აქვს დემოკრატია. გვინდა, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ საქართველოს მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის მიმართ, ასევე დემოკრატიული კულტურისადმი ამ ქვეყანაში“, - განაცხადა შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრეას ნორლენმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
ნორლენის განცხადებით, შვედეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით კი, შვედ კოლეგასთან შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.
„განვიხილეთ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული შემაშფოთებელი და რთული მდგომარეობა უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. ჩვენთვის მიუღებელია, რომ 21-ე საუკუნეში მეზობელი სახელმწიფო იტაცებს ჩვენს მამაპაპისეულ მიწებს, ძალადობრივი მეთოდებით ავლებს ბარიერებს და ხელოვნურად ჰყოფს სოფლებს, მშვიდობისა და ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე ახორციელებს საკუთარ ინტერესებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძემ შვედ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „შვედეთი იქნება ის ქვეყანა, რომელიც ცივილიზებულ მსოფლიოს მოუყვება, თუ რას აკეთებს საქართველო და როგორია საქართველოს ძალისხმევა გახდეს ევროკავშირის წევრი“.
არჩილ თალაკვაძის თქმით, 2019 წელი გამორჩეული თარიღია ორივე ქვეყნის პარლამენტარიზმის ისტორიაში, რადგან საქართველო აღნიშნავს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლისთავს, ხოლო შვედეთის სამეფო ზეიმობს საყოველთაო და თანაბარი ხმის უფლების შემოღების 100 წლისთავს.
„ეს თარიღები მიუთითებს, რომ ჩვენ თავისუფალი და დემოკრატიული ღირებულებების მქონე სამყაროს განუყოფელი ნაწილი ვართ და რომ ქართველი ხალხის და შვედი ხალხის მტკიცე არჩევანი არის დემოკრატიული, ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი იყოს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.