საქართველოს სახალხო დამცველი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-დან ჟურნალისტების გათავისუფლების საკითხს ეხმაურება.
„გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა, ჟურნალისტთა გათავისუფლება მათ განსხვავებულ მოსაზრებებს უკავშირდებოდეს, სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, მომართვის შემთხვევაში, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მანდატის ფარგლებში შეისწავლოს ინდივიდუალური შემთხვევები, ამასთან, გაეცნოს და შეაფასოს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალა, შრომითი ხელშეკრულებების ჩათვლით“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, ტელეკომპანიის ხელმძღვანელის დაპირების მიუხედავად, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შრომითი კონტრაქტები უწყდებათ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს და წამყვანი ტოკშოუების ჟურნალისტებს, რაც ბუნებრივად გამოიწვევს არხის საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილებას.
რაც შეეხებათ გათავისუფლებულ ჟურნალისტებს, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მათი გაშვების საფუძვლებს დამატებით შესწავლას და შეფასებას მოითხოვს, შესაძლო დისკრიმინაციული საფუძვლის გამოსარიცხად.