საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუკზე მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც ხალხს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილს დაპირებას ახსენებს:
„მთელ საქართველოში ხეები რომ გადათხარა და ე.წ. დენდრო-პარკში გადარგო, გახსოვთ რას ამბობდა? იმისთვის მინდა, რომ ხალხი შემოვიდეს და ხალხმა ნახოსო. ხალხს რომ სათოფეზე არ აკარებენ იქ, ამაზე კითხვას რატომ არ სვამთ? ივანიშვილი თვლის, რომ საერთოდ არ გაქვთ მეხსიერება“, - აცხადებს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი იმ ხალხს მიმართავს, ვინც მას და ივანიშვილს შორის განსხვავებას ვერ ხედავს და ამბობს, რომ მისი პოლიტიკური მოღვაწეობის კონცეფცია ის იყო, რომ „ქართველებისთვის სიძლიერის, დამოუკიდებლობის და ფეხზე მყარად დგომის განცდა მიეცა, ივანიშვილის მთელი კონცეფცია კი ხალხის დამცირება, შევიწროვება და დაჩაგვრა“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.