მოსკოვის საავადმყოფოს მთავარი ექიმის განცხადებით, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთვის ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად გამოირიცხა, რომ შესაძლოა, მოწამვლა ყოფილიყო საავადმყოფოში მისი გადაყვანის მიზეზი.
ეს განცხადება 31 ივლისს გააკეთა სკლიფასოვსკის სამედიცინო ცენტრის მთავარმა ექიმმა, ალექსეი ტოკარევმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც ამჟამად 30-დღიან პატიმრობას იხდის უსანქციო მიტინგში მონაწილეობისაკენ მოწოდებით გამოსვლისათვის, 28 ივლისს გადაიყვანეს საავადმყოფოში, რადგან ციხეში მას სახე დაუსივდა და ტანზე გამოაყარა. გამოითქვა ვარაუდი, რომ ნავალნი შესაძლოა, მოწამლული იყო.
მაგრამ საავადმყოფოს ხელმძღვანელობა „ზოგად ალერგიულ რეაქციაზე“ საუბრობს.
ნავალნი, რომელიც ერთ დღეში დააბრუნეს საავადმყოფოდან საპატიმროში, ამბობს, რომ იზიარებს თავისი ადვოკატისა და პირადი ექიმის ვარაუდს ციხეში მოწამვლის შესახებ.
ექიმ ანასტასია ვასილიევას განცხადებით, ნავალნის თმასა და ტანისამოსს დამოუკიდებლად ჩაუტარებენ ლაბორატორიულ გამოკვლევას.