მოსკოვში არ შედგა შეხვედრა ქალაქის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელსა და ქალაქის საბჭოს წევრობის დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის.
ერთ დღეში მას შემდეგ, რაც პოლიციამ ძალადობრივად დაარბია ამგვარი შეხვედრის გამართვის მოთხოვნით გამოსული დემონსტრანტები, მოსკოვის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ვალენტინ გორბუნოვი აცხადებდა, რომ მზად იყო შესახვედრად ქალაქის საბჭოს წევრობის დამოუკიდებელ კანდიდატებთან. მაგრამ როცა კანდიდატები მის ოფისში მივიდნენ, გორბუნოვმა უარი განაცხადა მათ ერთად, ჯგუფურად შეხვედროდა და გამოვიდა ცალ-ცალკე შეხვედრების ინიციატივით. მისი წინადადება მიუღებელი აღმოჩნდა კანდიდატებისთვის, მათმა ნაწილმა მხარდამჭერებს აქციის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
ერთი დღით ადრე, მოსკოვის პოლიციამ მოსკოვის საარჩევნო კომისიის შენობის წინ დააკავა 25-ზე მეტი დემონსტრანტი. აქცია ოპოზიციის კანდიდატების მიერ იყო მოწვეული, მას შემდეგ, რაც ისინი არჩევნებს გამოთიშეს. პოლიციის განყოფილებაში წაყვანილ მოქალაქეებს შორის იყვნენ კანდიდატები ილია იაშინი, ლიუბოვ სობოლი, ივან ჟდანოვი და იულია გოლიამინა.
სექტემბერში დანიშნულ, მოსკოვის ქალაქის საბჭოს არჩევნებში მონაწილეობისთვის კანდიდატს 4500 ხელმოწერა უნდა წარედგინა 6 ივლისამდე. საარჩევნო კომისიამ ოპოზიციის მიერ წარდგენილი ხელმოწერებიდან ბევრი ყალბად მიიჩნია, განაცხადა, რომ არასწორი იყო სახელები, მისამართები ან საპასპორტო მონაცემები - რაც ოპოზიციის კანდიდატებმა უარყვეს და კომისიის ნაბიჯი მიიჩნიეს მათი არჩევნებიდან გამოთიშვის მცდელობად.