„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ არსებობს გამოძიების გაყალბების მცდელობა, რის გამოც მისი დაკითხვა სწორედ მაგისტრ მოსამართლესთან უნდა მოხდეს.
„ვაპირებ მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვაზე მოვყვე ყველა ის დეტალი, რომელიც ამხელს ხელისუფლებას, რომელმაც პანიკაში მიიღო დარბევის გადაწყვეტილება და მოლაპარაკების ნაცვლად, რომელიც მათ მიერ იყო ინიცირებული, ადამიანებს დათვის ტყვიები დაუშინა. ჩვენ ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ პასუხისმგებლობის გადაბრალებას რიგით სპეცრაზმელებზე, რომელიც ამორალურიც არის და სამართლებრივადაც არასწორია“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას, „გამარჯვებული საქართველოს“ ხელმძღვანელის, ირაკლი ოქრუაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გია ბარამიძის გამოკითხვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.
ამ ღონისძიების აუცილებლობის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მისვლაზე სამივე პირმა უარი განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გია ბარამიძე გამოიკითხებიან სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე.