ირანი აცხადებს, რომ 27 ივნისის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გაამდიდრებს ურანს. ეს განცხადება ნაწილია ირანის მხრიდან მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პირობებისგან უკანდახევის პროცესისა, აშშ-სთან დაძაბულობის ზრდის ფონზე.
როგორც ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის პრესმდივანმა, ბეჰრუზ კამალვანდიმ 26 ივნისს ტელევიზიით განაცხადა, ინტენსიფიკაცია დაემთხვევა იმ ვადის ამოწურვას, რომლის დროსაც ქვეყანას აკრძალული ჰქონდა 300 კილოგრამ ურანზე მეტის გამდიდრება. "ამ ვადის გასვლის შემდეგ, გამდიდრების სიჩქარე გაიზრდება" - თქვა მან.
თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა იზრდება მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გასულ წელს გამოეთიშა ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის მიღწეულ ბირთვულ ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც ირანი თავის ბირთვულ პროგრამას ამცირებდა ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.
ვითარება სიტყვიერად დამძიმდა 25 ივნისს, როცა ირანმა თეთრ სახლს "გონებაშეზღუდული" უწოდა, ტრამპი კი გამოვიდა ძალის გამოყენების მუქარით, რომელიც ზოგიერთ ადგილას "ყველაფერს წალეკავს", თუკი ირანი თავს დაესხმება "რაიმე ამერიკულს".
24 ივნისს ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე. ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ ამ ნაბიჯს "იდიოტური" უწოდა.