საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიზე პოსტის დატოვებას არ აპირებს, ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედთან" საუბარში განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მისი გადადგომის მოთხოვნაზე ის სერიოზულ კომენტარს არ გააკეთებს. კითხვაზე, ვის ეკისრება მომხდარზე პასუხისმგებლობა, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ თითოეული ღონისძიების მენეჯმენტზე, რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარე არის პასუხისმგებელი.
„მე ამასთან დაკავშირებით შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთება იმ ადამიანების მოთხოვნაზე, რომლებიც ამ განცხადებით გამოდიან, ვერ გავაკეთებ, კონკრეტული მიზეზების გამო“, - განუცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედს“.
რაც შეეხება რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას, მისი სიტყვებით პარლამენტის სხდომათა დარბაზში ადგილი ჰქონდა იმპროვიზაციას და იყო ხარვეზი დაშვებული.
„როცა ხარვეზზე ვსაუბრობ არ ვსაუბრობ რუსეთის დუმის წარმომადგენელზე. ეს იყო ჩვენი ხარვეზი, რაზეც მყისიერი იყო რეაგირება, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. მე აზერბაიჯანში მივფრინავდი და არ მქონდა მყისიერი რეაგირების საშუალება. ხარვეზი გაიპარა იქ, როდესაც მყისიერი რეაგირება არ მოხდა უშუალოდ ზედა საფეხურზე გავრილოვის მხრიდან ასვლის მომენტში, ეს იყო ხარვეზი და ამას სჭირდება ჩაძიება, როგორ უნდა მომხდარიყო ამის თავიდან არიდება“,- განაცხადა კობახიძემ.
მისი სიტყვებით ღონისძიების დაგეგმვისას არის მარკო და მიკრო მენეჯმენტი და სწორედ ამ დონეზე გაიპარა ხარვეზი, როდესაც ასამბლეის რუსი წარმომადგენელი დაიძრა ტრიბუნიკენ.
რაც შეეხება პასუხისმგებლობას მომხდრაზე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ, პასუხისმგებლობა უნდა გაირკევს იმის მიხედვით თუ სად რა დოზით გაიპარა ხარვეზი და ამის მიხედვით უნდა განისაზღვროს პასუხისმგებლობა.