ზუგდიდში გააპროტესტეს საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატების ჩამოსვლა. აქცია, სახელწოდებით „სირცხვილია“ სამოქალაქო აქტივისტებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც დილით, თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან უძღვებოდა რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი.
აქტივისტების მიერ ზუგდიდის ბულვარში ორგანიზებულ აქციას შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: „რუსეთი ოკუპანტია,“ "არა მცოცავ ოკუპაციას,“ „საქართველოს არ სჭირდება ოკუპანტი ღორები.“
აქციის მონაწილეთა განცხადებით, სირცხვილია, როცა ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი ჩამოდის საქართველოში და იკავებს პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნას მაშინ, როცა საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
„ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას იმ ადამიანების ასე თავისუფლად ჩამოსვლა და რაღაც ღონისძიებების გამართვა, რომლებიც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ და მით უმეტეს მხარს უჭერენ აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობას“, - განაცხადა აქციის მონაწილემ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელმა არჩილ თოდუამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა.
აქციაზე არ ყოფილან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. მას შემდეგ, რაც განცხადება გაავრცელა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, პარლამენტში მომხდარი ფაქტი დაგმეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, ედიშერ თოლორაიამ. მათ საზოგადოების პროტესტს სამართლიანი უწოდეს.