პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსი“ ბიზნესმენსა და „სახალხო ლეგიონის“ დამფუძნებელს ლევან ვასაძეს მხარდაჭერას უცხადებს. პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ვასაძე ბულინგის მსხვერპლია სწორედ იმ პოზიციის გამო, რომელიც მას თბილისი პრაიდთან დაკავშირებით აქვს.
„და რა პოზიციაა ეს? რაც აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობას - ლგბტ თემის ღონისძიებები რეალურად პროპაგანდის რეჟიმშია გადასული, წლების მანძილზე მიდის ცხოვრების ამ წესის აქტიური პროპაგანდა. მეტიც, მიდის პროპაგანდა, რომ მართლმადიდებელები ჩაგრავენ უმცირესობას. არადა, ყველაფერი პირიქითაა და ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია. ჯერ კიდევ 2014 წელს შევაგროვეთ 100 000-ზე მეტი ხელმოწერა და მივმართეთ პარლამენტს, რათა აკრძალულიყო ლგბტ პირების ცხოვრების წესის პროპაგანდა, მაგრამ მაშინ პარლამენტმა ეს მიმართვა და 100 000 ხელმოწერა არაფრად ჩააგდო“, - წერს ირმა ინაშვილი.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ამბობს, რომ ვასაძე დღეს ზნეობრივ პოზიციას იცავს, რის გამოც მისი ლანძღვა ყოველგვარ ადამიანურ ზღვარს გასცდა.
"ჩვენი პოლიტიკური გუნდი - „პატრიოტთა ალიანსი“ ზნეობისთვის ბრძოლას უჭერს მხარს", - აცხადებს ირმა ინაშვილი.