„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, რომ ირაკლი კობახიძე დაუყოვნებლივ გადადგეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან.
პარტიის თავმჯდომარეს გრიგოლ ვაშაძეს არ სჯერა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადების, რომ რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანა დღის წესრიგით გათვალისწინებული არ იყო.
„ყველამ ყველაფერი მშვენივრად იცოდა, ამიტომ მინდა ყველა ორგანიზატორმა პასუხი აგოს. სასწრაფოდ გადადგეს კობახიძე და ქუცნაშვილმა სისხლის სამართლით აგოს პასუხი“ - განუცხადა ჟურნალისტებს ვაშაძემ.
საქართველოს პარლამენტში დაწყებიდან რამდენიმე ხანში ჩაიშალა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ დილის სხდომის წაყვანას მოჰყვა მწვავე პროტესტი პროდასავლური ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან.
გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან სხდომის წაყვანა გააპროტესტეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმაც.