„ჩვენ არ ვაპირებთ არავიზე პასუხისმგებლობის გადაბრალებას. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც ხელისუფლების. მომავალში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.
მისი ინფორმაციით, იყო შეთანხმება, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას ბერძენი კოლეგა უნდა გაძღოლოდა. „როდესაც სესია გაიხსნა და რუსმა დეპუტატმა თანათავმჯდომარის პოზიცია დაიკავა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყო პროვოკაციული ქმედება“ - უთხრა ჟურნალისტებს თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა რეაქცია და პოზიცია ძალიან ცალსახა იყო. „ჩვენი ემოცია იყო იგივე, რაც მთელი საზოგადოების. ვიდრე ოკუპაცია გრძელდება, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ადგილი არ არის. რუსმა დეპუტატებმა უნდა დატოვონ საქართველო“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მან არასერიოზული უწოდა ოპოზიციის მოთხოვნას პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომის შესახებ.
საქართველოს პარლამენტში დაწყებიდან რამდენიმე ხანში ჩაიშალა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ დილის სხდომის წაყვანას მოჰყვა მწვავე პროტესტი პროდასავლური ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან.
გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან სხდომის წაყვანა გააპროტესტეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმაც.