საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ „ევროპულმა საქართველომ“ და მისმა პარტნიორმა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მოითხოვეს, რომ ქვეყნის პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენების გამო პასუხისმგებლობა აიღოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და თანამდებობიდან გადადგეს.
„ის, რაც ვიხილეთ დღეს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სცილდება ყოველგვარ ზღვარს და ფარგლებს რაციონალური პოლიტიკის, პარტიული სიმპათიების და დაპირისპირების და წარმოადგენს პირდაპირ ფეხქვეშ გათელვას საქართველოს სუვერენიტეტის, ჩვენი ინსტიტუტების და ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობის“ - განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, დღეს საქართველომ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას იხილა ოკუპანტი სახელმწიფოს დუმის წევრი, რომელიც იბრძოდა აფხაზეთში და რომელმაც ხმა მისცა აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობას და მას დღეს რუსულ ენაზე მიჰყავდა სხდომა საქართველოს პარლამენტში.
დავით ბაქრაძის განცხადებით, თუ ირაკლი კობახიძე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ აიღებს და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან არ გადადგება, მისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას დაიწყებენ.
ირაკლი კობახიძის გადადგომას მოითხოვს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც."
საქართველოს პარლამენტში დილით დაწყებული სხდომის გაგრძელება ვეღარ შეძლეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის მონაწილეებმა.
პროდასავლური ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების მწვავე პროტესტი მოჰყვა იმ ფაქტს, რომ სხდომას რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.
შესვენების დროს "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პარლამენტის სპიკერატის ტრიბუნა დაიკავეს და მოითხოვეს, რომ რუსეთის დუმის დეპუტატებს დაეტოვებინათ საქართველოს პარლამენტი.
ამავე მოთხოვნით პარლამენტში პროტესტს აცხადებდნენ სამოქალაქო აქტივისტები. მათ თან ჰქონდათ პლაკატები "რუსეთი ოკუპანტია," "რუსეთი კლავს," "სირცხვილი მთავრობას."