პრაღაში მიმდინარეობს აბაშიძე-კარასინის შეხვედრის მორიგი რაუნდი, რომლის დაწყებამდე რუსეთის წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა " დამღუპველი" უწოდა დასავლეთის წარმომადგენლების, პირველ რიგში აშშ-ის მცდელობას ნატოში საქართველოს დაჩქარებული წესით მიღების თაობაზე.
"ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ საქართველო არის შემადგენელი ნაწილი გარკვეული ბლოკის, რომელზეც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართულ გარკვეულ საქმიანობაში დაყრდნობა შეიძლება... და ეს ხალხი გააქტიურდა. ისინი ემზადებიან ნატოს დეკემბრის სამიტისთვის. აშშ ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ღიად განაცხადა, რომ საჭიროა ნატოში საქართველოს დაჩქარებული მიღება. ეს ჩვენთვის არათუ შემაშფოთებელია, რაც ძალიან რბილ ნათქვამს წარმოადგენს, არამედ იგი, ჩვენი აზრით დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობაზე" - განაცხადა კარასინმა 13 ივნისს პრაღაში, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
შეხვედრის დაწყებამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლი, ზურაბ აბაშიძე აცხადებდა, რომ განიხილავენ ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს და იმსჯელებენ 2011 წლის შეთანხმებაზე საბაჟო მონიტორინგის შესახებ.
აბაშიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ფორმატი არ მოიცავს, ის დააყენებდა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის, მილიტარიზაციის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხელყოფის საკითხებსაც.
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრა პრაღის სასტუმრო "დიპლომატში" მიმდინარეობს.