ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვა შეწყდა. ფრიდონ შერგილაშვილი, გაფიცული მაღაროელი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ შეთანხმება „ჯორჯიან მანგანეზსა“ და გაფიცულთა შორის, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ შედგა:
„მადლობა ღმერთს, გაფიცულებსა და „„ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება შედგა. პირველი ივნისიდან ხელფასი 25%-ით გაიზრდება. წლის განმავლობაში კი 10 %-ით. მუშაობა, სავარაუდოდ, ხვალიდან აღდგება“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, 27 მაისს ჭიათურაში ჩავიდნენ ეკონომიკის, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები.
რამდენიმე ასეული მაღაროელი 11 დღის განმავლობაში იყო გაფიცული ხელფასის გაზრდის, ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესების და ჭიათურაში მადნის გადამტანი მძიმეწონიანი ავტომანქანების გადაადგილების აკრძალვის მოთხოვნებით.
27 მაისსვე თანამდებობა დატოვა ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა, აკაკი გურჯიძემ.
შეგახსენებთ, პირველ ეტაპზე, მაღაროელთა მოთხოვნა ხელფასების 30%-ით ზრდა და რეორგანიზაციის შემდეგ დამატებით 20%-ით ზრდა იყო. "ჯორჯიან მანგანეზი" კი მაღაროელებს ხელფასების 15%-იან ზრდას სთავაზობდა.