უკრაინის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობას და სახელმწიფო ენერგოკომპანია „ნაფტოჰაზს“ მოუწოდა, მოლაპარაკებები გამართონ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რათა 1 მაისამდე შემცირდეს საყოფაცხოვრებო გაზის ფასები. უკრაინამ მკვეთრად გაზარდა საყოფაცხოვრებო გაზის ფასი და სავალუტო ფონდისგან გაინაღდა 3,9 მილიარდი დოლარის მოცულობის ფინანსურ დახმარებაზე შეთანხმება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერას საკვანძო მნიშვნელობა აქვს უკრაინის ეკონომიკისთვის.
24 აპრილს ფეისბუკით გაკეთებულ განცხადებაში ზელენსკის გარდამავალმა ჯგუფმა თქვა, რომ ევროპაში უკანასკნელ თვეებში გაზის დაბალმა ფასებმა უკრაინას საშუალება უნდა მისცეს, საკუთარი მოქალაქეებისთვის შეამციროს საყოფაცხოვრებო გაზის ფასი.
პრემიერ-მინისტრ ვოლოდიმირ ჰროისმანის კაბინეტი და „ნაფტოჰაზი“ უკვე შეთანხმდნენ 1 მაისიდან ფასის მცირე დაკლებაზე ნაცვლად დაგეგმილი 15%-იანი გაზრდისა.
ფეისბუკის პოსტი მიუთითებს, რომ ზელენსკი, რომლის ინაუგურაცია ივნისის დამდეგს გაიმართება მას მერე, რაც მან 21 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, მხარს უჭერს გაზის ფასების შემცირებას, მაგრამ მომხრეა, რომ ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან იქნეს შეთანხმებული.
„მოდით, ვაჩვენოთ, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმეებითაც, რომ შეგვიძლია ხალხის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება,“ ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.