შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა ერთ ტონაზე მეტი ნარკოტიკი, რომელიც ნივთმტკიცების სახით ჰქონდა ამოღებული. ნარკოტიკული საშუალებები სხვადასხვა დროს, სისხლის სამართლის 750 საქმეზე იყო შეგროვებული და სამინისტროს ინფორმაციით მისი ღირებულება „შავ ბაზარზე“ 14 მილიონი ლარს შეადგენდა.
შსს-მ შემდეგი დასახელების ნარკოტიკი გაანადგურა: 2 კილო და 448 გრამი ჰეროინი, 60 კილოგრამზე მეტი ამფეტამინი, 2061 აბი „სუბუტექსი“, „პრეგაბალინის“ შემცველი 547 კაფსულა, 816 აბი და 121 გრამი „მდმა“, 189 აბი და 172 გრამი „მეტადონი“, ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.
სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის საფუძველზე სპეციალური კომისიის თანდასწრებით ეტაპობრივად ანადგურებენ. უწყების თქმით, ისინი გარემოსდაცვითი სტანდარტების გათვალისწინებით მაღალტემპერატურულ ღუმელს იყენებენ.