რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იმყოფება უკრაინის ქალაქ დონეცკში, სადაც დღეს დაესწრება ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურად არჩეული დენის პუშილინის ინაუგურაციას. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ინაუგურაციამდე ბიბილოვი იმყოფებოდა დონბასელი სეპარატისტების ლიდერის, ალექსანდრ ზახარჩენკოს საფლავზე და პატივი მიაგო მის ხსოვნას. დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის პირველი მეთაური ზახარჩენკო 2018 წლის აგვისტოში დაიღუპა დონეცკის ცენტრში მდებარე კაფეში მომხდარი აფეთქების შედეგად. „რესის“ ცნობითვე, ბიბილოვმა გვირგვინით შეამკო დონასში ომის შედეგად დაღუპულთა მემორიალი. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი დონეცკიდან გაემგზავრება ლუგანსკში, სადაც 21 ნოემბერს მონაწილეობას მიიღებს ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურად არჩეული ლეონიდ პასეჩნიკის ინაუგურაციაში.
უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ე.წ. სახალხო რესპუბლიკების მეთაურების არჩევნები 11 ნოემბერს ჩატარდა. უკრაინის პროკურატურამ კენჭისყრის ორგანიზატორთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მუხლით, რომელიც სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. საქართველოს მთავრობამ დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების მეთაურების არჩევნები დაგმო და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხელყოფად შეაფასა.