„მიუხედავად გაყალბებისა, მასობრივი მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსისა, ჩვენ მათ მოვუგეთ“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია"-ს მიერ მხარდაჭერილმა გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. ამ შედეგით, ვაშაძეს და ზურაბიშვილს ხმების 40-40% აქვთ.
„მთავარში დავრწმუნდით, საქართველოს მოქალაქეებს სურთ პოზიტიური ცვლილებები, მათ ყელში აქვთ ამოსული ქურდული ოცნების ხელისუფლება, თავისი საწამებელი კამერებით. შეადარეთ ჩვენი შესაძლებლობები და სახელისუფლებო კანდიდატის შესაძლებლობები, ქუჩაში რომ გახვიდეთ თქვენი თვალით იხილავთ ამას. მიუხედავად გაყალბებისა, მასობრივი მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსისა, ჩვენ მათ მოვუგეთ“, - განაცხადა ვაშაძემ. მან „უმაღლესი პოლიტიკური კულტურისთვის“ მადლობა გადაუხადა „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს დავით ბაქრაძეს, რომელმაც არჩევნებში დამარცხება აღიარა და განაცხადა, რომ მეორე ტურში მხარს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერენ.