თურქეთის სასამართლომ შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა ევანგელიკური ეკლესიის ამერიკელი პასტორი, ენდრიუ ბრანსონი, მიუხედავად იმისა, რომ მას სამი წლით მიუსაჯეს პატიმრობა ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებების გამო. დასავლეთის ქალაქ ალიაგაში განთავსებულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ბრანსონი, რომელიც ანკარასა და ვაშინგტონს შორის დიპლომატიური უთანხმოების ცენტრში მოექცა, მეტ დროს არ დაჰყოფს პატიმრობაში, რადგან მან უკვე მოიხადა სასჯელი. სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ბრანსონს შეუძლია დატოვოს თურქეთი და დაბრუნდეს აშშ-ში. 50 წლის ბრანსონი 2016 წლის ოქტომბერში დააკავეს, მას 35 წლით ემუქრებოდა პატიმრობა, თუ დამნაშავედ სცნობდნენ ტერორიზმსა და ჯაშუშობაში. მას ბრალად წაუყენეს კავშირების ქონა ქურთ ექსტრემისტებთან და აშშ-ში მცხოვრები სასულიერო პირის, ფეტულა გიულენის მხარდამჭერებთან. გიულენს ანკარა 2016 წელს გადატრიალების მცდელობის მოწყობაში სდებს ბრალს. ენდრიუ ბრანსონი უკვე ორ ათწლეულზე მეტია თურქეთში ცხოვრობს და ის ყველა ბრალდებას უარყოფს. ვაშინგტონის შეფასებით, ის უსამართლოდ დააკავეს იმ ფართომასშტაბიანი რეპრესიების ტალღის ფარგლებში, რომელიც მოჰყვა შეუმდგარ გადატრიალებას.