ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბარებულმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა და იურისტმა მოწმის სტატუსით დაკითხვაზე უარი თქვეს. ეკა ქობესაშვილი, ვიტალი საფაროვის ოჯახის ადვოკატი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ დაუშვებელია საქმის ადვოკატების მოწმის სტატუსით გამოკითხვა: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 21 წლის ორგანიზაციაა და არაერთ გახმაურებულ საქმეზე გაგვიკეთებია პრესკონფერენცია და განცხადება, მაგრამ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღმასრულებელი დირექტორი მეორე დღეს დაიბარეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო. ჩვენ მივედით სამინისტროში და ნათლად ავუხსენით, რომ არ შეიძლება ჩვენი მოწმის სტატუსით გამოკითხვა, რადგან ვართ ადვოკატები. მათ განგვიცხადეს, რომ ალეკო, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი მაინც უნდა გამოკითხულიყო, მოწმის სახით, თუმცა, ჩვენ ამაზე უარი ვთქვით, რადგან ვიტალის ოჯახს იცავს ორგანიზაცია და არა კერძო ადვოკატი“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ეკა ქობესაშვილი.
ამ დროისათვის გამოკითხვაზე იმყოფება „ჩართულობის და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი აგიტ მირზოევი. ვიტალი საფაროვი სწორედ ამ ორგანიზაციაში მუშაობდა.
უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი, იურისტი ეკა ქობესაშვილი და „ჩართულობის და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი, აგიტ მირზოევი 12 ოქტომბერს დაიბარეს.
„ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და „ჩართულობის და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელებმა 11 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაწყებული გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს საქმე ეხება სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულს. 11 ოქტომბერს, ღამით ორი უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებმა სატელეფონო საუბრისას განაცხადეს, რომ დაინტერესდნენ დღეს პრესკონფერენციაზე გავრცელებული ინფორმაციის დეტალებით“.
„ჩართულობის და განვითარების ცენტრის“ თანამშრომელი ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს მოკლეს თბილისში. იგი მრავალი წლის მანძილზე აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში, რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებულია ორი პირი, რომლებიც ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან.