ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გასაჯაროვდა ვინაობა ქალისა, რომელმაც 10 წელიწადში 21 მლნ დოლარზე მეტი დახარჯა ცნობილ სავაჭრო ცენტრში, „ჰეროდსში“. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო გამჭვირვალე მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით. საუბარია აზერბაიჯანის უდიდესი ბანკის ყოფილი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი დირექტორის მეუღლეზე, ზამირა ჰაჯიევაზე. 55 წლის ჯაჰანგირ ჰაჯიევი 2001-2015 წლებში ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკს, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის. მას 2016 წელს მიუსაჯეს 15 წლით პატიმრობა თაღლითობისა და თანხების გაფლანგვის ბრალდებით და დააკისრეს 29 მლნ დოლარის დაბრუნება. ჰაჯიევი ბრალდებებს უარყოფს. მისი ცოლი აზერბაიჯანიდან გაემგზავრა და ბრიტანეთში ცხოვრების უფლება მოიპოვა შეძლებული ინვესტორებისათვის განკუთვნილი პროგრამით. 2018 წლის თებერვალში ბრიტანეთის სისხლის საქმეთა საგამოძიებო სააგენტომ პირველად აამოქმედა „დაუსაბუთებელი ქონების შესახებ განკარგულება“ (Unexplained Wealth Order, UOW) ჰაჯიევას შემოსავლების დასადგენად. ამ განკარუგლების საფუძველზე, შესაძლებელია უზენაეს სასამართლოს მიმართო თხოვნით, ქონება ჩამოერთვას კორუფციაში ეჭვმიტანილ უცხოელ ოფიციალურ პირს, ან მისი ოჯახის წევრებს, თუ შეუძლებელია დადგინდეს მათი შემოსავლების კანონიერება. გასულ კვირაში უზენაესმა სასამართლომ უარყო ჰაჯიევას სარჩელი „დაუსაბუთებელი ქონების შესახებ განკარგულების“ წინააღმდეგ, რასაც შესაძლოა მოჰყვეს მისთვის ქონების ჩამორთმევა.