აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე დონეცკის რეგიონში, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკას“ უწოდებენ, დროებით ლიდერად დაასახელეს დენის პუშილინი. აქამდე ის სეპარატისტების „სახალხო საბჭოს“ თავმჯდომარე იყო. რუსეთის მედიამ 7 სექტემბერს გაავრცელა ცნობა, რომ 37 წლის პუშილინი აირჩიეს პოსტზე, რომელიც გათავისუფლდა სეპარატისტების ლიდერ ალექსანდრ ზახარჩენკოს მკვლელობის შემდეგ. ზახარჩენკო 31 აგვისტოს დაიღუპა დონეცკის კაფეში მოწყობილი აფეთქების შედეგად. ცნობების თანახმად, პუშილინი ორჯერ გადაურჩა მისი მოკვლის მცდელობას 2014 წელს. ამასთან, სეპარატისტების „სახალხო საბჭომ“ 11 ნოემბრისთვის დანიშნა არჩევნები „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ახალი ლიდერის ასარჩევად. ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს, რადგან მათ მიხედვით, სეპარატისტთა მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარება შეთანხმებული უნდა იყოს სამწევრიან საკონტაქტო ჯგუფში. მასში სეპარატისტებთან ერთად შედიან უკრაინა და ეუთო.