დღეს თბილისში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შეხვედრა ევროკომისართან სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანთან. მამუკა ბახტაძემ ევროკავშირს მადლობა გადაუხადა თბილისში „აღმოსავლეთის პარტნიორობის ევროპული სკოლის“ გახსნისთვის, რომელიც 6 პარტნიორი ქვეყნის - საქართველოს, უკრაინის, მოლდავეთის, ბელორუსიის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ მაღალი დონის ევროპული, საბაკალავრო განათლება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ და იოჰანეს ჰანმა ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირთან დიალოგის ახალ, უმაღლეს ფორმატზე, რომლის პირველი შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, ნოემბერში ბრიუსელში გაიმართება. მამუკა ბახტაძე ევროკომისარს ესაუბრა საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე - „საგზაო რუკაზე,“ რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას თანამშრომლობის ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.
დღესვე ევროკომისარი იოჰანეს ჰანი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს. გიორგი მარგველაშვილი მიესალმა თბილისში „აღმოსავლეთის პარტნიორობის ევროპული სკოლის“ დაფუძნებას, როგორც ევროკავშირთან ინტეგრაციის კიდევ ერთ შედეგს და ახალგაზრდების მიერ ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იოჰანეს ჰანმა და გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებსა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.