საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სარფის საბაჟოზე დააკავეს უზბეკეთის მოქალაქე ქალი, რომელიც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ჩემოდანში დამალული ცდილობდა. თურქეთის მედიის ცნობით, ჩემოდანი საქართველოს მოქალაქეს ეკუთვნოდა. საქართველო-თურქეთის საზღვარზე მესაზღვრეები ჩემოდნის ზომამ დააეჭვა და მის მეპატრონეს ბარგის გახსნა მოსთხოვეს.
პოლიციაში გაირკვა, რომ 27 წლის უზბეკ ქალს თურქეთის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლით აკრძალული ჰქონდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველო-თურქეთის საზღვრის ამ გზით გადაკვეთის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. 2017 წლის მაისში, თურქეთში არალეგალურად მოხვედრას ჩემოდანში დამალული რუსეთის მოქალაქე ცდილობდა, ხოლო დეკემბერში იგივე გზის გავლა საქართველოს მოქალაქემაც სცადა.