ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ულტრანაციონალისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრი გიორგი ჭელიძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.
სამართალდამცველებმა გამოძიება 31 აგვისტოს დაიწყეს სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, სადაც „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრები ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ.
პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელის ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია ექსპერტიზები. გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მოძრაობის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე გამოძიება დაიწყო. 2018 წლის აპრილში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზეც სამართალდამცველებმა მოკვლევა დაიწყეს. კადრებში 3 იარაღი ფიგურირებდა, თუმცა მაშინ გამოძიება შეწყდა, რადგან იარაღები პნევმატური აღმოჩნდა.