შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა.
„აღნიშნული ბრძანების თანახმად, ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედი შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას და უშუალოდ არჩევნების დღეს, თავიანთ სამოქმედო არეალში სამართალდარღვევათა პრევენციას და მათზე დროულ რეაგირებას უზრუნველყოფენ. ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს”, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შს მინისტრის ბრძანების დანართში განსაზღვრულია არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მექანიზმები, მათ შორის სამართალდარღვევის პრევენციისა და მასზე რეაგირებისათვის პასუხისმგებელი ჯგუფები და მათი ფუნქციები, არჩევნების დღემდე საპოლიციო ღონისძიებათა განხორციელებისა და არჩევნების დღეს კენჭისყრის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ღონისძიებათა განხორციელების საფუძვლები და პირობები.