შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება 27 ივნისს ორი ქართველი მესაზღვრის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაკავების შესახებ: "მიმდინარე წლის 27 ივნისს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე, მიღებული გეგმიური დავალების შესაბამისად, საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე გავიდა, მორიგი დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად. გარკვეული დროის განმავლობაში მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. პარალელურად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ". შსს-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის მიღწეულია შეთანხმება და ქართველი მესაზღვრეები 29 ივნისს უნდა გადასცენ საქართველოს. "მესაზღვრეების დაბრუნების შემდეგ, ქართული მხარე ინციდენტს დეტალურად გამოიკვლევს და ყველა შესაბამის პროცედურას განახორციელებს", - აცხადებს შსს.