საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება პარლამენტის წინააღმდეგ სახალხო დამცველის და ქვეყნის მოქალაქეების, სულ 326 სარჩელის არსებითი განხილვა. დავის საგანია საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილებას და ამ მიზნით მისთვის შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობის მიცემას და სააგენტოსათვის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და მონაცემთა ცენტრალური ბანკის შექმნის უფლებამოსილების მინიჭებას.
მოსარჩელეთა მტკიცებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მიზნით, სატელეფონო და ინტერნეტკომუნიკაციაზე პირდაპირი წვდომა და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და შენახვის შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს ამგვარი მონაცემების შეგროვებაზე პროფესიულად დაინტერესებულ ორგანოს. მოსარჩელეები ინსტიტუციური მოწყობის, დაკომპლექტების წესისა და ფუნქციების გათვალისწინებით სააგენტოს მიიჩნევენ პროფესიულად დაინტერესებულ უწყებად. მათივე შეფასებით, სააგენტოს საქმიანობაზე არ ხორციელდება ეფექტური გარე კონტროლი, რის გამოც არსებობს მოსამართლის გადაწყვეტილების გარეშე ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების თვითნებურად განხორციელების რეალური საფრთხე. მოსარჩელეთა პოზიციით, დარღვეულია კონსტიტუციის მე-16 და მე-20 მუხლები, რომლებიც უზრუნველყოფენ პიროვნების თავისუფალი განვითარების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს. საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.