აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მკაცრად გმობს სირიის რეჟიმის განზრახვას დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ეს რეგიონები საქართველოს ნაწილია, ვკითხულობთ განცხადებაში. უცვლელია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თაობაზე. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას ახსოვდეთ და დაიცვან გაეროს წესდებით აღებული ვალდებულებები. აშშ კვლავ მოუწოდებს რუსეთს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები ომამდე არსებულ პოზიციებზე.
სირიის არაბთა რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 29 მაისს აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურა დაიწყო.