13 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის 3 საარჩევნო უბანზე. ცესკოს მონაცემებით, თემში საერთო ჯამში, რეგისტრირებულია 2 819 ამომრჩეველი. საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სამი პარტიის წარმომადგენელი იბრძვის: „ქართული ოცნებიდან“ თენგიზ ალმასია, „ევროპული საქართველოდან“ გოდერძი კუკავა და „თავისუფალი საქართველოდან“ ბაჩუკი ნარუშვილი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს. მიზეზი, პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანა წითლიძის თქმით, რამდენიმეა, მათ შორის: „არასათანადო გარემო, უნდობლობა პროცესის სამართლიანობისადმი, გაყალბებებისა და ადამიანთა მოსყიდვის გამოცდილება“.
ცაიშში კენჭისყრის დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია პირველად გამოიყენებს ელექტრონულ ტექნოლოგიებს, კერძოდ, ხმის დათვლის ელექტრონულ აპარატებს. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განცხადებით, მოხდება ახალი ტექნოლოგიის მხოლოდ დატესტვა. ამომრჩეველთა ხმები კი ჩვეულებრივ დაითვლება და ეს იქნება ოფიციალური მონაცემი.
სოფელ ცაიშში შუალედური არჩევნები დეპუტატის გარდაცვალების გამო დაინიშნა. ზუგდიდის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატად ცაიშიდან არჩეული თამაზ ჟორჟოლიანი გასული წლის 2 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.