10 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო დავით ჯიშკარიანი, ისტორიკოსი, "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" დამფუძნებელი. მან ილაპარაკა საბჭოთა ისტორიის და ზოგადად, ისტორიის გააზრების მნიშვნელობაზე. დავით ჯიშკარიანი აღნიშნავს, რომ საქართველოში წარსული არ არის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი: "საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ ვერ შექმნა ნაციონალური პროექტი თუ რატომ სჭირდება საბჭოთა ისტორიის გააზრებაც. მეტიც, საქართველო დღემდე ვერ ხვდება რა მნიშვნელობა აქვს ამ პერიოდს და ხდება მისი მთლიანად იგნორირება, ან მანიპულირება სხვადასხვა ხელისუფლის მიერ". დავით ჯიშკარიანის თქმით, საქართველოში დღითიდღე რთულდება არქივებზე მუშაობა, რაც ერთი მხრივ ღიაა, თუმცა, სახელმწიფო მაღალ საფასურს ითხოვს დოკუმენტებზე მუშაობისა და მკვლევრების მიერ მათი გამოყენებისთვის. რას ცვლის ადამიანისთვის და ქვეყნისთვის ისტორიის შესწავლისა და გააზრების პროცესის უზრუნველყოფა? დავით ჯიშკარიანი ამბობს, რომ შეიძლება რამდენიმეგვერდიანი დოკუმენტის შესწავლის შედეგად თვისებრივად სხვა რეალობაში აღმოჩნდე, იპოვნო პასუხები არაერთ კითხვაზე. ისტორიკოსის შეფასებით, დღემდე ისტორიის სახელმძღვანელოები მისდევს გასული საუკუნის 30-იან წლებში სტალინის მითითებითა და ბერიას დაკვეთით შესრულებული ნარატივი. დავით ჯიშკარიანი თვლის, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში რომ დაწყებულიყო ისტორიის ადეკვატურად გააზრება, საქართველო დღეს განვითარების თვისებრივად სხვა ეტაპზე იქნებოდა.