8 მაისიდან გორში გარევაჭრობა იკრძალება. გადაწყვეტილება გორის საკრებულომ მიიღო და მერიას აღსასრულებლად გადასცა. ორშაბათს მერიის ზედამხვედველობის სამსახურის თანამშრომლები და პოლიციის წარმომადგენლები იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ ბაზრობასთან მივიდნენ და დახლების დაშლა დაიწყეს. გარემოვაჭრეებმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. მერიის ზედამხედველობის სამსახური გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ სავაჭრო ფართს ქალაქგარეთ მოწყობილ აგრარულ ბაზარში სთავაზობს. სამსახურის უფროსი მირიან კლიმიაშვილი აცხადებს, რომ მოვაჭრეებს ყველა პირობას შეუქმნის იმისთვის, რომ კომფორტულად ივაჭრონ და არ დაზარალდნენ, თუმცა ეს წინადადება მიუღებელია გარემოვაჭრეებისთვის, რომლებიც აცხადებენ, რომ ქალაქგარეთ არსებულ ბაზარში მყიდველი არ დადის და იქ შემოსავალს ვერ მიიღებენ. საბოლოოდ პოლიციამ და ზედამხედველობის სამსახურმა მოვაჭრეთა დახლები დაშალეს და სატვირთო მანქანებით ტერიტორიიდან გაიტანეს. ქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იუსტიციის სახლისა და გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ზონა უნდა მოეწყოს და გარევაჭრობა იკრძალება. 8 მაისს უდახლებოდ დარჩენილი მოვაჭრეები მერიის წინ აქციის გამართვას აპირებენ.