საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრ ამირან პაპინაშვილს ევროპის ჩემპიონატზე საპრიზო სამეულამდე ერთი გამარჯვება დააკლდა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 29 წლის ქართველმა თელ ავივში მიმდინარე ევროპირველობაზე დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრა და ნახევარფინალში გავიდა. ფინალურ ბლოკში კი ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო და მეხუთე ადგილს დასჯერდა. ამირან პაპინაშვილს შეეძლო, ევროპის ჩემპიონატის კვარცხლბეკზე მეხუთედ ასულიყო. მის ანგარიშზე ოქროს (2013), ვერცხლის (2014) და ორი ბრინჯაოს (2012 და 2015) მედალია. დღეს საქართველოს სახელით ტატამზე ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და ევროპის 2016 წლის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილიც (66 კგ) გავიდნენ, მაგრამ პირველსავე შეხვედრაში დამარცხდნენ. ხვალ მამაკაცთა შორის მედლები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებს ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ევროპის ორგზის ფინალისტი ნუგზარ ტატალაშვილი (81 კგ) წარმოადგენენ.