აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სირიის ქალაქ დუმაზე 7 აპრილის თავდასხმის მსხვერპლთა სიმპტომები მიანიშნებს „რაღაც ტიპის“ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენებაზე. დუმას სირიელი მეამბოხეები აკონტროლებენ. როგორც ვაშინგტონმა 9 აპრილს განაცხადა, მან ვერ დაადგინა, რა ტიპის ნივთიერება იქნა გამოყენებული, რადგან სირიის მთავრობის ჯარები და მისი მოკავშირეები, რუსეთი და ირანი, დუმაში შეშვებაზე უარს ეუბნებიან საერთაშორისო ექსპერტებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვაშინგტონი მოკავშირეებთან აწარმოებს მოლაპარაკებას სათანადო რეაგირების შესახებ და „ეს დაუშვებელი სისასტიკე“ უპასუხოდ არ დარჩება. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 9 აპრილის განცხადებით, ის 24-დან 48 საათამდე პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას აშშ-ის საპასუხო ზომაზე. ტრამპის თქმით, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იყოს პასუხისმგებელი მომხდარზე და თუ მართლაც ასეა, ვაშინგტონის რეაქცია „ძალიან მკაცრი“ იქნება. „ყველა გადაიხდის საფასურს. ისიც გადაიხდის, ყველა გადაიხდისო“, განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯიმ მატისმა ასევე 9 აპრილს აღნიშნა, რომ აშშ არ გამორიცხავს ავიაიერიშს სირიის მთავრობის ჯარებზე, სავარაუდოდ, მომწამვლელი ნივთიერებით თავდასხმისას, სულ ცოტა, 40 ადამიანის დაღუპვის შემდეგ.