რუსეთი მკაცრად აკრიტიკებს შეერთებულ შტატებს გასულ კვირაში გამოცხადებული ახალი სანქციებისათვის. მოსკოვი მათ „მიუღებელსა“ და „უკანონოს“ უწოდებს და საპასუხო ზომებით იმუქრება. მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა 9 აპრილს განაცხადეს, რომ დაადგენენ, რა ზარალი მიადგა რუსეთის კომპანიებს და რომ სახელმწიფო დაეხმარება მსხვილ კომპანიებს, რომელთაც სანქციები შეეხო. მათი განცხადებების ფონია რუბლის კურსისა და საფონდო ინდექსების დაღმასვლა, აგრეთვე აშშ-ის მიერ სანქცირებული კომპანიების, მათ შორის „რუსალის“ აქციების მკვეთრად გაიაფება. ალუმინის კომპანია „რუსალის“ თანამფლობელია გავლენიანი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა, რომელიც პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ პირად ითვლება და სანქცირებულთა სიაში მოხვდა. აშშ-მა 6 აპრილს დაუწესა სანქციები რუსეთის უშიშროების უწყებების მაღალჩინოსნებს, პოლიტიკოსებსა და, სავარაუდოდ, პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქებს „გლობალური მასშტაბით მავნე ქმედებებისთვის“. რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის განცხადებით, მოსკოვი იტოვებს საპასუხო ზომების მიღების უფლებას. მან მთავრობას დაავალა, შემუშავდეს „კონკრეტული წინადადებები“, თუ რა სახის დახმარება შეიძლება გაუწიოს სახელმწიფომ სანქციებით დაზარალებულ კომპანიებს.