გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის აზრით, მსოფლიო ცივი ომის შემდეგ პირველად დგას ატომური იარაღით დაპირისპირების საფრთხის წინაშე, რაც გამოწვეულია ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამით. ამის შესახებ გუტერეშმა განაცხადა მიუნხენში, სადაც 16 თებერვალს გაიხსნა უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია. მასზე, ტრადიციულად, იკრიბებიან მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი მაღალი რანგის ოფიციალური პირები და წამყვანი ექსპერტები. მსოფლიოში უსაფრთხოების მხრივ არსებულ ვითარებაზე საუბრისას, გუტერეშმა პირქუში სურათი დახატა - მაგალითად, ფაქტიურად „მკვდარი“ უწოდა ისრაელ-პალესტინელთა სამშვიდობო პროცესს. მანვე ისაუბრა გლობალურ გამოწვევებთან - კლიმატურ ცვლილებებთან და კიბერუსაფრთხოების პრობლემებთან - გასამკლავებლად მსოფლიოს ერთიანობისა და მულტილატერალიზმის აუცილებლობაზე.