აზერბაიჯანში, ბელაქანის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა და ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის. ბრალდებამ მოითხოვა მუხთარლისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა. აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი თბილისში, შარშან, 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანში იყო დაკავებული. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის ან ძალადობის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. ჟურნალისტის გასამართლება დაგმობილ იქნა უფლებადამცავი ჯგუფების მიერ. ისინი აცხადებენ, რომ მუხთარლის დაპატიმრება და გასამართლება პოლიტიკურად იყო მოტივირებული.