არაღიარებულ დნესტრისპირეთში გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო გაჩერდა თითქმის ყველა საწარმო, საკვების მწარმოებელი კომპანიების გარდა - იუწყებიან რეგიონის "ხელმძღვანელი პირები".
5 იანვარს დაზუსტდება ენერგიის ის რაოდენობა, რომელსაც საყოფაცხოვრებო სექტორი იყენებს და შემდეგ დადგინდება, რა რაოდენობის გაზი ესაჭიროება საკვების წარმოებას.
ენერგეტიკული კრიზისი დადგა მას მერე, რაც 1 იანვარს შეწყდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის რუსეთის გაზის უკრაინის გავლით მიწოდება, ამასთან, რუსეთი უარს აცხადებს, მოლდოვას გაზი მიაწოდოს, დაგროვილი დავალიანების გამო.
"ბიბისის" რუსულენოვანი სამსახური ადგილობრივ კომპანია "ტირასპოლტრანსგაზზე" დაყრდნობით იუწყება, რომ ახალი წლის პირველ დღეს გაზის გარეშე დარჩა თითქმის 75 ათასი სახლი. გათბობა არ აქვს 150 საბავშვო ბაღსა და 130 სკოლას.
დნესტრისპირეთი მოლდოვის ტერიტორიაზე მდებარე, მაგრამ კიშინიოვის კონტროლის მიღმა მყოფი ტერიტორიაა დნესტრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილიც რუსულენოვანია.