რუსეთის ხელისუფლებამ შეცვალა თანხის ერთჯერადად გადახდის წესი თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებისთვის, უკრაინის ომში მონაწილეობის მიზნით.
28 დეკემბრით დათარიღებული ახალი ბრძანებით, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც კონტრაქტის გაფორმების მომენტში საპატიმროებში იხდიან სასჯელს, კარგავენ ამგვარი ანაზღაურების მიღების უფლებას. ახალი წესი 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
მსჯავრდადებულები, რომლებიც კონტრაქტებს გააფორმებდნენ, ამ დრომდე იღებდნენ ერთჯერად ანაზღაურებას, რომლის მოცულობაც ფედერალური და რეგიონული პროგრამებიდან გამომდინარე განისაზღვრებოდა.
მიმდინარე წლის ივლისში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ანაზღაურების ოდენობად 400 ათას რუბლს (დაახლოებით 3700 ამერიკული დოლარი) აწესებდა სამხედრო მოსამსახურეებისთვის. ამავდროულად, ბევრ რეგიონში მოქმედებდა დამატებითი ანაზღაურება და მხარდაჭერის სხვა ზომები.
კონტრაქტის გაფორმების გზით სისხლისსამართლებრივი დევნისგან გათავისუფლების შესაძლებლობა მსჯავრდადებულებმა მიიღეს 2023 წელს. 2024 წლის მარტში რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო კანონების პაკეტი, რომელიც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას შესაძლებელს ხდიდა მცირე და საშუალო სიმძიმის დანაშაულებში ეჭვმიტანილებისთვის, ბრალდებულებისა და მსჯავრდადებულებისთვის.
თავიდან მსჯავრდადებულების ომში გაწვევა დაიწყო აწ გარდაცვლილი ევგენი პრიგოჟინის გასამხედროებულმა ჯგუფმა "ვაგნერმა". შემდეგ ამ პროცესს თავდაცვის სამინისტრო ჩაუდგა სათავეში.
როგორც წესი, მსჯავრდადებულებს გზავნიან ფრონტის ყველაზე რთულ არეალებში, რათა მაქსიმალურად შეინარჩუნონ ელიტური დანაყოფების ძალები. თავად ყოფილი პატიმრები თვლიან, რომ კოლონიებიდან ფრონტზე გაგზავნილთა 50-დან 70 პროცენტამდე იღუპება.
ომიდან დაბრუნებული მსჯავრდადებულების მხრიდან ხშირია დანაშაულის ისევ ჩადენის შემთხვევები. ინტერნეტგამოცემა Vyorstka იუწყება, რომ 2022 წლის თებერვლიდან 2024 წლის სექტემბრამდე რუსეთის 460-ზე მეტი მოქალაქე გახდა უკრაინიდან დაბრუნებული მსჯავრდადებულების მსხვერპლი. ამ დანაშაულთაგან 242 შემთხვევა მკვლელობა იყო.