ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყნის მოქალაქეებს მიმართა 39-ე პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის გარდაცვალების გამო.
ჯიმი კარტერი 100 წლის ასაკში 29 დეკემბერს გარდაიცვალა.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯიმი კარტერს უწოდა ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც განასახიერებდა ყველაფერს საუკეთესოს, იყო ღვთის და ხალხის ერთგული მსახური, მორალურად სუფთა და კეთილშობილი ლიდერი და მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და ადამიანის უფლებებისთვის გმირულად მებრძოლი.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით, ჯიმი კარტერის გარდაცვალების გამო, გლოვის ნიშნად, 30 დღის განმავლობაში აშშ-ის დროშები დაშვებული იქნება სახელმწიფო დაწესებულებებზე, საელჩოების შენობებზე, სამხედრო ბაზებსა და სამხედრო გემებზე, 2025 წლის 9 იანვარი კი აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა.
დემოკრატი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ჯიმი კარტერი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 1977 წლის 20 იანვრიდან 1981 წლის 20 იანვრამდე.
2002 წელს ჯიმი კარტერს მსოფლიოში კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების ძალისხმევისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის გამო ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა.