მალის მთავრობამ გაავრცელა ცნობა, რომ ამ ქვეყნის 25 მოქალაქე იყო იმ 69 ემიგრანტს შორის, რომლებიც ნავის ჩაძირვის შედეგად დაიღუპნენ მაროკოს სანაპიროსთან.
11 ადამიანი გადაარჩინეს 19 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის დროს, რომლის შესახებ ცნობა 27 დეკემბერს გავრცელდა.
ნავი დასავლეთ აფრიკიდან კანარის კუნძულებისკენ მიემართებოდა. ატლანტის ოკეანეზე ეს მარშრუტი განსაკუთრებით სახიფათოდ ითვლება.
ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია “მოძრავი საზღვრების” თანახმად, 2024 წელს თითქმის ხუთი ათასი ადამიანი დაიღუპა კანარის კუნძულებისა და შემდეგ ესპანეთის მიღწევის მცდელობისას. გაეროს ლტოლვილთა უწყების მონაცემებით, 2023 წელს კანარის კუნძულებს ნავით მიაღწია 40 ათასმა ლტოლვილმა.