უკრაინამ, მარცვლეულისა და ზეთის თესლის მსოფლიო მწარმოებელმა და ექსპორტიორმა, სირიას სურსათით დახმარების პირველი პარტია გაუგზავნა, განაცხადა 27 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის თანახმად, 500 ტონა ხორბლის ფქვილი უკვე მიდის სირიაში, უკრაინის ჰუმანიტარული ინიციატივის, „მარცვლეული უკრაინიდან“ ფარგლებში გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამასთან თანამშრომლობით.
„ხორბლის ფქვილის დარიგება იგეგმება 33 250 ოჯახზე ან 167 000 ადამიანზე უახლოეს კვირებში“, - წერს ზელენსკი X-ზე და დასძენს: „თითო შეფუთვა იწონის 15 კილოგრამს და შეუძლია ხუთსულიანი ოჯახის გამოკვება ერთი თვის განმავლობაში“.
რუსეთის ახლო მოკავშირის, ბაშარ ასადის მთავრობის დამხობის შემდეგ, უკრაინამ განაცხადა, რომ სირიასთან ურთიერთობების აღდგენა სურს.
კიევი ტრადიციულად ახორციელებს ხორბლისა და სიმინდის ექსპორტს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, მაგრამ არა - სირიაში. ასადის მმართველობისას სირიას სურსათი რუსეთიდან შეჰქონდა. ამ თვის დასაწყისში რუსულმა და სირიულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ რუსული ხორბლის მიწოდება სირიაში შეჩერებულია უსაფრთხოების მოსაზრებით.
უკრაინიდან ექსპორტი შეფერხდა 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის გამო, რამაც მკვეთრად შეამცირა ტვირთის მოძრაობა შავი ზღვის გავლით. მას შემდეგ უკრაინამ დაარღვია დე ფაქტო საზღვაო ბლოკადა და აღადგინა ექსპორტი ოდესის ნავსადგურიდან.